საქართველოში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის ცნობით, პეკინი საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ კომპანიაზე მკაცრად გმობს და მას აბსურდულს უწოდებს.
"საქართველოში აშშ-ის საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს CCCC-ს წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია, არის აბსურდული და ფაქტებთან შეუსაბამო განცხადება", - განაცხადა ჩინეთის საელჩომ.
პრესსპიკერი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ, სან-ფრანცისკოს ხედვას ეწინააღმდეგება.
"ჩინური მხარე ასევე წუხს იმის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი", - წერია განცხადებაში.
აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სააგენტო ინტერპრესნიუსთან ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან საქართველოს შეთანხმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა.
"რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს" - თქვა ელჩმა.